ბრძოლა მიწებისთვის
კორუფციის 30 წელი ჯავახეთში
"მიწები ერთეულებს არენდით აქვთ აღებული, როგორ ახერხებენ, არ ვიცით… 4 კომლს აქვს გორელოვკა განაწილებული. ფერმებიც მათია. ყველა ერთმანეთის ნათესავია... [ჯავახეთიდან]მოსახლეობა გასულია. Სომეხი ახალგაზრდები სულ რუსეთში არიან…"
ჯავახეთში დიდ მიწებს მხოლოდ “ქართული ოცნების” შემომწირველები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფები ფლობენ. რეგიონში, სადაც უთოვლო გარემო წელიწადში მხოლოდ 5 თვეა, გლეხისთვის მიწის დამუშავება ხშირად ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალებაა.
პრივატიზაციის პერიოდში, სოფლის კოლმეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწები გავლენიანმა პირებმა მიისაკუთრეს. მსგავს პრაქტიკას აცოცხლებს სახელმწიფოს მიერ მიწის მხოლოდ აუქციონზე გაყიდვა ან იჯარით გაცემა, კვლავ გავლენიან პირებზე.
მიწის სიმწირე საყოველთაო სიღატაკეს იწვევს, რაც დემოგრაფიულ მონაცემებზეც აისახება. Ბოლო 7 წელიწადში რეგიონის მოსახლეობა 12 000 ადამიანით შემცირდა. სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი 2012 წლიდან თითქმის გაორმაგდა. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის და რეკრეაციული ზონების არსებობისა, ადგილობრივების უმრავლესობა თავს რუსეთში “ხოპანზე” [სეზონური სამუშაო] წასვლით ირჩენს.
მიწების განაწილების საკითხის საკვლევად ნინოწმინდის და ახალქალაქის სოფლები მოვიარეთ. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე ჯავახეთის მცხოვრებლებს კვლავ აწუხებთ - მიწის, გზის, ბუნებრივი აირის არ ქონა, შეგრძნება, რომ რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან კვლავ მოწყვეტილი და გაუცხოებულია.
გორელოვკის ოთხეული
11 სექტემბერს, ნინოწმინდის რაიონში, ორლოკა-გორელოვკის საზღვარზე, ასატურ ეღოიანს 39 ჰექტარი მიწა აუქციონის წესით თვეში 49 ლარად გადაეცა. Საჯარო რეესტრის მონაცემებით, სისტემურად აზომილი მიწის ნაკვეთების მიხედვით, ეღოიანი 110 ჰექტარ მიწას ფლობს. Მას არც ოჯახის წევრები ჩამორჩებიან. შვილი, ჰაიკ ეღოიანი 268 ჰექტარი მიწის მფლობელია. Მამა, ფარნიკ ეღოიანი - 261 ჰექტარის. ჯამში, ეღოიანების ოჯახის მფლობელობაშია 640 ჰექტარზე დიდი მიწა, რაც მთაწმინდის პარკზე 6-ჯერ დიდი ტერიტორიაა.
“იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ 39 ჰექტარი არაფერია, სხვებს ათასი ჰექტარი აქვთ” - გვიპასუხეს აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით ასატურის პირად ნომერზე. კაცი, რომელიც აცხადებს, რომ ეღოიანების სიძე და ოჯახის მინდობილი პირია, ამბობს, რომ მათ არავისთვის არაფერი წაურთმევიათ: ,,სახელმწიფოს მიწა იყო და ვისარგებლეთ. განაცხადი შევავსეთ და დადებითი პასუხი მოვიდა. Ნაცნობობა საჭირო არ ყოფილა. ქართული ენა და საქმე უნდა გცოდნოდა".
ეღოიანების ოჯახის მფლობელობაში არსებული 640 ჰექტარი მიწა სხვადასხვა დროს და გზითაა გაფორმებული. “შევარდნაძის დროს მიწებს მუნიციპალიტეტი არიგებდა. ყველაფერი კანონიერად ხდებოდა. [მიწები] Მაშინ დავირეგისტრირეთ. ზოგი არ ფიქრობდა მომავალზე და მათ არ აქვთ”, — განგვიცხადა იმავე პირმა.
“ეღოიანები სოფელ ორლოვკაში საბჭოთა კავშირის დროს გადავიდნენ. 4 ძმაა. ერთ-ერთი რუსეთში ცხოვრობს, საკმაოდ დიდი ავტორიტეტია. რა თქმა უნდა, არჩევნებშიც მხარს უჭერენ მმართველ ძალას”, — ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, ტიგრან თარზიანი. [მოგვიანებით ჟურნალისტი დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ სხვა ეღოიანებს გულისხმობდა და უარყო გაჟღერებული ინფორმაცია]
“Ჰაიკ [ეღოიანი] ნინოწმინდაში, მერიაში მუშაობს. Პირველი კაცია რაიონში. Მათ ხელშია ყველაფერი. 4 კომლს აქვს განაწილებული გორელოვკა. ასქანაზ მარკოსიანს, სარგის ღარაგოზიანს, ჰაიკ ეღოიანს და სუმბატ კიურეღიანს. ფერმებიც მათია. ყველა ერთმანეთის ნათესავია. ქვისლები. Მაფიოზური სქემაა”, — გვიყვება სოფელ გორელოვკას მკვიდრი, ლავრენტი დავარაძე.
გორელოვკელი 4 მსხვილი მიწათმფლობელიდან ერთი პარლამენტის წევრი, სუმბატ კიურეღიანია, ასქანაზ მარკოსიანი ნინოწმინდის საკრებულოს წევრია. Მათ შორის ნათესაური კავშირიცაა. Სუმბატ კიურეღიანის და, ლეილი მარკოსიანი კი ასქანაზ მარკოსიანის მეუღლეა. კიურეღიანის მეგობარს, სარგის ღარაგოზიანს კი ჯამში 553 ჰექტარი მიწა აქვს იჯარით აღებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იჯარის უფლებით სულ გაცემულია 3496 ჰექტარი საძოვარი. ჯავახეთის Სოფლებში ხშირად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც გლეხები საძოვრებსა და სათიბ მიწებზე წვდომას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო აუქციონებს მხოლოდ პრივილეგირებული პირები იგებენ.
„როცა მიწა სოფლის გვერდითაა და ხალხი მეძროხეობას ეწევა, მათ საძოვარი წაართვა და გაყიდო, იგივეა - ისინი სარჩოს გარეშე დატოვო“, — ამბობს ჯავახეთის რეგიონული მედიის, Jnews-ის ჟურნალისტი, შუშან შირინიანი.
მადათაფის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
72 წლის ლავრენტი დავარაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში აჭარიდან 2008 წელს გადმოსახლდა. ლავრენტი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ თანხა, რასაც გამოიმუშავებს, მიზერულია. იგი დამატებით, მსხვილ მიწათმფლობელთანაა დასაქმებული.
„მიწის პრობლემები გვაქვს. სხვასთან ვმუშაობ, რომ თავი ვირჩინო. მიწები ერთეულებს არენდით აქვთ აღებული, როგორ ახერხებენ, არ ვიცით. ზოგს 200, ზოგს 500 ჰექტარი. მე ვმუშაობ ასეთ მიწაზე და თვეში 500-600 ლარს მიხდიან“. მიიჩნევს, რომ რეგიონში თავის სარჩენად და ოჯახის გამოსაკვებად სულ მცირე 10 ჰექტარი მიწის ფლობაა საჭირო.
„რეალურად სოფელს მიწები აქვს, მაგრამ ეს არის რამდენიმე ადამიანის საკუთრება. ჩვენ [აჭარელი ეკომიგრანტები] ჩამოგვიყვანეს. თავიდან გვპირდებოდნენ 10-15 ჰექტარს, ყველა ოჯახს, მერე ძაღლივით მოგვიგდეს 2-2 ჰექტარი. ვინ დაგოტოვებს მიწას? არაფერი გვეშველა. დავრჩით ასე, ბევრი წავიდა, ვერ არჩინა ოჯახი. ვერ დასაქმდა ვერც ფერმაში, ვერც სხვაგან“.
ლავრენტი დავარაძე, 72
ნარინე ვარდერესიანი თურქეთის საზღვართან, სოფელ კარწახში ცხოვრობს. სხვების მსგავსად, ოჯახი 1,25 ჰექტარ მიწას ფლობს, თუმცა სარეზერვო მიწებსაც იყენებს.
„ვფლობთ 2 ჰექტარ სარეზერვო მიწას მთებში, სადაც ქერი მოგვყავს. იქ ადრე მხოლოდ ქვები იყო. ადგილი გავასუფთავე, სასუქი შევიტანე და ქერი დავრგე, შრომა გავწიე. თუ ვინმე მომედავება, ამ მიწას წამართმევს კიდეც, რადგან დოკუმენტები არ მაქვს. სარეზერვო მიწები, რომლებიც ხალხს ეკუთვნოდა, ახლა მდიდრებზე იყიდება. ძალაუფლების მქონე ხალხმა იცის, სად არის გამოსადეგი მიწები, აუქციონებს აწყობენ, ფულს იხდიან და ყიდულობენ".
კარწახელებს სხვა პრობლემებიც აქვთ. სოფელს არასდროს ჰქონია ბუნებრივი აირი. გასათბობად შეშის ღუმელს ან ძროხის ნარჩენებს [წივა] იყენებენ. „აქ კარტოფილი, ქერი და ხორბალი მოგვყავს. თუმცა, სათანადო მორწყვისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს და ნარგავი კულტურები უწყლობისგან ზიანდება“, — ამბობს ნარინე.
ნარინე ვარდერესიანი, 53
სოფელი კარწახი, ნარინე ვარდერესიანის ეზო
„ნახეთ, აქ ხალხი როგორ და რა პირობებში ცხოვრობს. აქ არაფერია, მიწების და ძროხების გარდა. გლეხებს 1,25 ჰექტარი მიწა აქვთ, ამ ფართობით კი მხოლოდ ერთ ძროხას თუ შეინახავ. ერთი ძროხის ყოლას ჯობია საერთოდ არ გყავდეს”,
— გვეუბნება ხოსროვ გაგოსიანი, რომელიც ნინოწმინდაში ცხოვრობს. მანქანა სესხით იყიდა და რაიონში ტაქსისტად მუშაობს. ასე ახერხებს ოჯახის გამოკვებას.
ჯავახეთი მკვეთრად გამოხატული აგრარული რეგიონია, სადაც სოფლის მეურნეობა მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. ალპურ ზონაში მოსავალს წელიწადში ერთხელ იღებენ. ხოსროვის თქმით, გლეხს 4 ძროხა მაინც უნდა ჰყავდეს, თავი რომ ირჩინოს.
ხოსროვ გაგოსიანი, 69
„აქ მთავრობა ხალხს მხოლოდ არჩევნების დროს ხვდება. სხვაგან მათ ვერსად შეხვდები. თუ რამე კითხვას დასვამ, ოთახიდან ოთახში გაგაგზავნიან. იმდენ ადგილს მოივლი, ბოლოს დაიღლები და სახლში წახვალ. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაფერს მივეჩვიეთ და ასე ვცხოვრობთ“, - გვეუბნება ხოსროვი.
სათიბი მიწების სიმწირეზე საუბრობენ სოფელ ოკამშიც. “ამ ტერიტორიას, რასაც ხედავ, ერთი კაცის არის, დილისკელია. მხოლოდ მე ვუხდი თივაში 2 000 ლარს. ჩემი საქმე საქონელი და რძის ჩაბარებაა. ძროხების გამოკვება სჭირდებათ. მიწას მე ვერ ვიყიდი, ძვირია. სარეზერვო მიწები კი აღარ არის დარჩენილი, მიტაცებული აქვთ, ზოგს 15, ზოგს 30 ჰექტარი”, — ამბობს ველზე მომუშავე გლეხი.
იქვე შორიახლოს ტრიალებდა ტერიტორიის მფლობელი, ჰარუთიუნ ეზოიანი. იგი ოკამის მიმდებარედ 14 ჰექტარ სათიბ მიწას 2016 წლიდან ფლობს. ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. Ჰარუთიუნის მამა მიწის მართვის სამსახურში, თავად კი საკრებულოში მუშაობდა. ახლა მსხვილი მიწათმფლობელი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელია.
კორუფციის 30 წელზე საუბრისას, საყურადღებოა სოფელი ჩამძვრალა (ჩამდურა). 2018 წელს, სოფლის ტყის ზოლის (3 ჰექტარი) სტატუსი შეიცვალა. ტერიტორია სასოფლო-სამეურნეო მიწად დარეგისტრირდა და 49 წლიანი იჯარით გაიცა. დოკუმენტებში მიწის მსურველად 76 წლის ქიშმიშ ვაირადიანია დასახელებული, რომელიც ახალქალაქის იმჟამინდელი საკრებულოს დეპუტატის, [ანდრანიკ მურადიანის] დედინაცვალი იყო.
ანდრანიკ მურადიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიას განაგებდა. ამავდროულად, სოფელ ჩამდურაში მოქმედი კოოპერატივი ,,რუბენ 2014”-ის დირექტორი იყო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში არსებული მიწები ყოველწლიურად იკლებს, თუმცა საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობა იზრდება. 2022 წლის დეკლარაციაში, ყოფილმა დეპუტატმა მასზე რეგისტრირებული ქონების თანამესაკუთრებად ოჯახის წევრები დაამატა.
Მიწის იჯარის გაცემას მოსახლეობის მხრიდან არაერთი პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები იმ მიწების გასხვსისებას აპროტესტებდნენ, სადაც წლების განმავლობაში აძოვებდნენ პირუტყვს. დეპუტატის ოჯახი კი მოსახლეობას გაკაფული ტყის ადგილას ხეეების დარგვას დაჰპირდა. 3 წლის შემდეგაც, ტყის ზოლი მინდვრად რჩება. “ახლა არ მცალია, გადმოგირეკავთ როცა მეცლება”, — გვიპასუხა მურადიანმა, როცა მიწების პრობლემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით.
ადგილობრივი (არამ მარგოზიანი) ჰყვება: ,,არავინ კითხულობს 3-4 წელში რა შეიცვალა, ან ამ ზოლში ხეები თუ დაირგო. კლანია, მოიჯარე იმის დედინაცვალია, ვინც საბუთებს აყალბებდა. მათ არავინ აკონტროლებს. ერთხელ მოვიყვანე აუდიტი და დამემუქრნენ. ნაცნობებს დააბარეს, გაჩერდეს, თორემ პრობლემები შეექმნებაო. წარმოდიგინეთ, როგორ მუშაობს სისტემა“.
გაკაფული ტყის ზოლი
პოლიტიკური დონაციები და ტენდერები
ჯავახეთში ჰექტრობით მიწებს ძირითადად მმართველი პარტიის შემწირველები ფლობენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც წარსულში “ნაციონალურ მოძრაობას” უმართავდა ხელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მმართველი პარტიის შემწირველი გახდა.
გრიგორ მღდესიანი
“ქართულ ოცნებას” 2021 წელს, წინასაარჩენოდ 5 000 ლარი შესწირა, საკუთრებაში კი მიწის 145 ჰექტარი აქვს.
ჰოვიკ მურადიანი
მიწები ახალქალაქის სხვადასხვა სოფელში აქვს. Მან “ქართულ ოცნებას” 2021 წელს 5 000 ლარი შესწირა. მმართველ პარტიას, ამავე ოდენობის თანხა შესწირა ანდრანიკ მურადიანმა.
Ხორენ თმასიანი
“ქართული ოცნების” შემწირველი, რომელიც სოფელ სამებაში 87 ჰექტარ სახნავ მიწას 2007 წლიდან ფლობს.
სამველ გალოიანი
წინასაარჩენოდ 5 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. იგი საძოვრებსა და ტყის მასივის ნაწილს, ჯამში 84 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობს.
პარტიებისთვის 25 000 ლარი აქვს შეწირული. მიწის რამდენიმე ნაკვეთს ფლობს. 2023 წლის 7 ივლისს, უპირობო აუქციონით შეიძინა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 0.7 ჰექტარზე მეტი მიწა.
არმან ნორსოიანმა, რომელმაც 1 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, 47 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან კი 27 მოიგო. “ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის შემომწირველია 379 ტენდერში გამარჯვებული ნორაინ მკოიანი.
დეპუტატი, რომლის ქონებაც დეკლარაციაში იკლებს და რეესტრში იმატებს
Საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების” პარტიული სიიდან, სუმბატ კიურეღიანი ჯავახეთის ერთ-ერთი მსხვილი მიწათმფლობელია. Მის მიერ, 9 წლიანი ინტერვალით შევსებულ დეკლარაციებს თუ დავეყრდნობით, კიურეღიანების ოჯახი დღეს ბევრად ნაკლებ ქონებას უნდა ფლობდეს. თუმცა, მათი ქონების ღია მონაცემებით შესწავლამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში კიურეღიანების მფლობელობაში კიდევ უფრო მეტი მიწა გაჩნდა.
სუმბატ კიურეღიანის მეუღლემ, გორელოვკის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა, სასნუჰი კიურეღიანმა 9 წელიწადში 157,3 ჰექტრის შესყიდვა მოახერხა. Მათ შორის, სამი მიწის ნაკვეთი 2015 წელს, ერთ დღეს შეიძინა. მსხვილი მიწათმფლობელი აღმოჩნდა მისი მოადგილე სკოლაში, ლეილი მარკოსიანი, რომელიც მინიმუმ 60 ჰექტარ მიწას ფლობს. ლეილი მარკოსიანი სუმბატ კიურეღიანის დაა.
სუმბატ კიურეღიანის დედა, მარგარიტ კიურეღიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 158 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობს ფლობს. Ბოლო 10 წელიწადში მისი ქონებას 28 ჰექტარი მიწა დაემატა. დეპუტატის მამის, სეირან კიურეღიანის მფლობელობაში 139 ჰექტარზე მეტი მიწაა. 2013 წლის შემდეგ მის ქონებას 29 ჰექტარი მიწით გაიზარდა. 2022 წელს სუმბატ კიურეღიანმა დეკლარაციაში მშობლები და შვილები აღარ მიუთითა.
კიურეღიანის შვილი, სეირან კიურეღიანი გორელოვკაში 9 ჰექტარ სახნავ მიწას ფლობს, თუმცა დეპუტატის არცერთ დეკლარაციაში ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. დეკლარაციის მიღმა დარჩა მეორე შვილის, სირანუშ კიურეღიანის მფლობელობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწა გორელოვკაში.
გორელოვკის N 2 საჯარო სკოლა
კიურეღიანების ფერმა გორელოვკაში
ამირან ხარაიშვილი ადიგენიდან ნინოწმინდაში 2010 წელს ჩამოვიდა და მესაქონლეობას ეწევა. იგი სომხეთის საზღვართან, სოფელ სამებაში ცხოვრობს. მის მფლობელობაში არსებული მიწებიდან 3 ჰექტარი ე.წ. საზღვრისპირა მიწების ზოლში ხვდება. „ამ მიწებს ვერ შეეხები“, — ამბობს იგი.
„მოსაზრება, რომ არსებობს მიწის ისეთი სავარგულები, რომლებიც არ უნდა მოვიხმაროთ, რადგან იქ სახელმწიფომ სხვაგვარი პოლიტიკა უნდა განახორციელოს, არქაული გადმონაშთია“, — აცხადებს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. ეს მიდგომა მე-19 პერიოდშია ჩასახული, მაშინ, როცა ევროპაში ნაციონალურ სახელმწიფოებს შორის საზღვრები დგინდებოდა. „ჯავახეთი ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, იმ ფობიებით, ანტი-თურქული და ანტი-სომხური განწყობებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს, საქართველოს მთავრობა მანიპულირებს. მათ ე.წ. „უსაფრთხოების გამოწვევების“ გამო ამ მიწებზე წვდომა შეზღუდული აქვთ“.
საზღვრისპირა მიწები
ამირან ხარაიშვილი, 65
ისტორია
ჯავახეთი მრავალ ეთნიკური რეგიონია, სადაც ქართველები, სომხები და რუსები ცხოვრობენ. სომხები ჯავახეთის რეგიონში მე-19 საუკუნიდან სახლობენ. 1840-იანი წლებიდან ჯავახეთში დუხობორები გამოჩდნენ, მისტიკურ-რაციონალური ქრისტიანული კონფესიის ხალხი. ისინი თემური პრინციპით, საერთო მეურნეობაში ცხოვრობდნენ. დღესდღეობით, გორელოვკაში დუხობორების რამდენიმე ოჯახი დარჩა. ჯავახეთში აჭარელი ეკო-მიგრანტებიც გადმოასახლეს. 90-იანი წლების დასაწყისში აჭარაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მოსახლეობის ნაწილი უსახლკაროდ დატოვა. მერაბ კოსტავას საადგილმამულო ფონდმა პასუხისმგებლობა აიღო და ხალხი აჭარიდან ჯავახეთის სოფლებში ჩაასახლა.
Მიწის პრივატიზაციის პროცესი სოფლებში 90-იან წლებში დაიწყო და სპეციალური კომისიები შეიქმნა. თითო ოჯახს 1.25 ჰა მიწა შეხვდა. გლეხები მიწას ამუშავებდნენ, კარტოფილი მოჰყავდათ და სხვა პროდუქტებშიც ცვლიდნენ. ადგილობრივების თქმით, არსებობდა დიდი ფართობის სარეზერვო მიწებიც, რომლებიც კოლმეურნეობის თავმჯდომარეებმა და მაშინდელმა გავლენიანმა პირებმა იჯარით აიღეს. „დღეს, დიდი მიწების მფლობელებს რომ ჰკითხო, პაპაშენი ვინ იყოო, გეტყვიან, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ეს ადამიანები და მათი შათამომავლები დღესაც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები არიან“, — ამბობს მახარე მაცუკატოვი, სამოქალქო აქტივისტი ახალქალაქიდან.
რეფორმის დაწყებისას, არამ მარანგოზიანი მიწის მართვის სააგენტოში მუშაობდა. იხსენებს, რომ მიწის დარეგისტრირების მიზნით, საბუთები ხშირად ყალბდებოდა. „ჩემს სოფელში [ჩამძვრალა] მაქსიმუმ 15-16ჰა დაურიგეს ხალხს, დანარჩენი 800ჰა ვისაც როგორ შეეძლო, დაიტაცეს, იმათმა, ვინც გაუმაძღარი, ძლიერი იყო და გავლენა ჰქონდა. მე რადგან მიწის გაყოფის სააგენტოში კომისიის თავჯდომარე ვიყავი რუკა მქონდა, ამ უსამართლობას ვხედავდი. არ ვიცოდი სად გამეპროტესტებინა“. ამბობს, რომ დღემდე აქვს შემორჩენილი ყალბი პასპორტების ასლები, რის გამოც არაერთხელ გამხდარა მუქარის ადრესატი.
ნოტარიუსმა ვერ შეძლო მარაგოზიანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და ხელმოწერების ავთენტურობის დადასტურება.
2000 წელს USAID-ის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში ორთოფოტოები გადაიღეს, რის შედეგადაც მიწის მონაცემთა გაციფრულება და ნაკვეთების განაწილება დაიწყო. საკუთრების უფლების დასადასტურებლად მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერილი პასპორტები გაიცა.
მაცუკატოვი იხსენებს, რომ იმ დროინდელი საბჭოს თავმჯდომარე ამ საბუთს სურვილისამებრ არიგებდა. „დღემდე, რამდენიმე სოფელში, მაგ დოკუმენტის არ არსებობის გამო ხალხმა მიწის დარეგისტრირება ვერ მოახერხა. მოგვიანებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მეზობლების დამოწმებით, თუმცა ამ ინფორმაციამ ქალაქიდან დაშორებულ სოფლებში ვერ ჩააღწია“.
სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ ჯავახეთში მიწების უთანასწორო განაწილების პრაქტიკა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება: „მიწის მისაკუთრების იმდენნაირი მახინაცია არსებობდა, ახლა რომ ყველაფერს გამოეკიდო, მაშინ მთელი საქართველო უნდა დაიჭირო. ყოველი არჩევნების შემდეგ, რა ჯგუფებიც მოდიოდნენ, ისინი ინაწილებდნენ მიწებს“.
ამჟამად ქვეყანაში მიწების სისტემური რეგისტრაცია მიმდნარეობს. „ზუსტად ახლა ვაკვირდებოდი და ქალაქის თავზე, ბანერი იყო, მიწის რეგისტრაციის შესახებ და დღეს აღარ დამხვდა, მოხსნეს. ალბათ, იგრძნეს, რომ ტყუილად ეკიდა. არ ვიცი სხვა მუნიციპალიტეტებში როგორაა, თუმცა ჩვენთან ეს პროგრამა საერთოდ არ მუშაობს“, — გვეუბნება Jnews-ის ჟურნალისტი, შუშან შირინიანი. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებლად დრო არასწორად შეირჩა, რადგან ზამთარში აზომვითი ნახაზების განხორციელება შეუძლებელია. მისი ინფორმაციით, საკრებულომ მთელი წლის განმავლობაში, ახალქალქის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 3 ნაკვეთი დაარეგისტრირა.
Საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ მოგვაწოდა მონაცემები, თუ რამდენმა მოქალაქემ დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სპორადული რეგისტრაციის ფარგელებში.
„ჯავახეთის რეგიონი ბევრი რამითაა გამორჩეული, თუმცა ჩვენში ამ მხარეს არ იცნობენ. ბიძინას ჯავახეთი არ უყვარს, რადგან იქ ხეები არ არის. თბილისის პოლიტიკური კლასი ჯავახეთის მოსახლეობას ელექტორალურ სიკეთედ აღიქვამს. ამისთვის სჭირდებათ კლანებიც, რადგან კლანებით ხდება ხალხის მობილიზება“, — ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. იგი ჯავახეთში პირველად 1990 წელს ჩავიდა. 1988 წლამდე რეგიონი დანარჩენი საქართველოსთვის დახურული იყო და იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალური საშვით იყო შესაძლებელი.
„ის ჩაკეტილობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჯავახეთში იყო, დღესაც ძალიან აწყობს ქართულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს. ისინი უნდა იყვნენ წყნარად, მოგუდულად და იქ არაფერი არ უნდა ხდებოდეს. თუ რამე მოხდა, ამბობენ - „როგორ გაბედეს, როგორ ამოიღეს ხმა.
“[სამცხე-ჯავახეთი] ერთადერთი რეგიონია, სადაც რეალურად გვიჭირს და იქაც გარდავტეხავთ სიტუაციას”, — ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 11 წლის წინ, ხელისუფლებაში მოსვლისას.
ქორიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ჩამოაყალიბა პოლიტიკა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ მოსახლეობას სრულფასოვან მოქალაქეებად აქცევს. „აქვთ განცდა, რომ ისინი ძირს გვითხრიან, რომ მათზე დიდია სხვა სახელმწიფოს გავლენა. ჯავახეთის სომხები კი სულ ჩაკეტილები იყვნენ და საკუთარ ეთნო-ნაციონალურ წვენში იხარშებოდნენ, დიდი იყო რუსეთის გავლენაც“.
ქორიძის შეფასებით, ჯავახეთში მიწის სიმწირე და საყოველთაო სიღატაკე ქვეყანაში არსებულმა მიწის პოლიტიკამ გამოიწვია, რასაც საზოგადოებრივი მხარდაჭერაც აქვს. “საზოგადოებაში მიწასთან დაკავშირებული შიშები არსებობს, მიიჩნევა, რომ მიწას უნდა აკონტროლობდეს და ფლობდეს სახელმწიფო, რადგან საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა. ჩვენ მიწას წმინდა ეკონომიკურ კატეგორიად არ განხილავთ, იგი ჩვენთვის უფრო პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცნებაა“.
სახელმწიფო მიწას არ ყიდის, მხოლოდ აუქციონზე გამოაქვს, და ქმნის მიწის 49 წლიანი არენდით გაცემის პრაქტიკას. ქორიძე მიიჩნევს, რომ ეს იგივე არაფორმალური მფლობელობაა და ამ ლობისტური პოლიტიკის შედეგად იკანონებენ მიწებს დღევანდელი არენდატორები და მათი შთამომავლები.
ავტორები: თამთა ჩხაიძე, ნინო აფაქიძე, ელის ბაქრაძე
ფოტო: თამთა ჩხაიძე, ნინო აფაქიძე
დრონი: ლევან ონიანი
ფილმი: ჰერმინე ვირაბიან